ამანათების/ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვის ხელშეკრულება

ხელშეკრულების მხარეები წინამდებარე ხელშეკრულება ფორმდება შემდეგ მხარეების შორის:

გადამზიდავი: შპს „იმექს ლოჯისტი“, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, საიდენტიფიკაციო ნომრით 418473805 და

მომხმარებელი: ქმედუნარიანი პირი, რომელიც გადამზიდავის ვებ გვერდზე

https://qaravani.ge/ რეგისტრაციით ეთანხმება წინამდებარე ხელშეკრულებას

1. ხელშეკრულების საგანი

1.1. წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად გადამზიდავი, მომხმარებლის დაკვეთით და მომხმარებლის სახელით, უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ გაგზავნილი და გადამზიდავის მიერ მიღებული ტვირთების ტრანსპორტირებას გადამზიდავის საწყობიდან საქართველოში.

1.2. გადამზიდავის საწყობებად მიიჩნევა შემდეგი:

* რუსეთის საწყობი - Улица угрешская дом 2 ст 15 ч , Москва

* ამერიკის შეერთებული შტატების საწყობი - Brighton 7th street. Apt 2 E, Brooklyn

* ჩინეთის საწყობი - 区湾畔大街15号777库房, 777 Warehouse, 15 Bayside Street, Guangzhou, 广州市

1.3. გადამზიდავი უზრუნველყოფს მომხმარებლის ტვირთების მიღებას საწყობებში საწყობის ადგილმდებარეობის მიხედვით განსაზღვრული სამუშაო საათების განმავლობაში.

1.4. ტრანსპორტირების საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 4-14 კალენდარულ დღეს.

2. ტრანსპორტირების ღირებულება და მისი გადახდის წესი

2.1. ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება გადამზიდავის მიერ საწყობში მომხმარებლის სახელზე ერთჯერადად მიღებული ტვირთის რეალური წონის მიხედვით და ყოველ კილოგრამზე ფასი განისაზღვრება შემდეგნაირად:

• ამერიკის შეერთებული შტატებიდან - 7.00 (შვიდი) აშშ დოლარის ექვივალენტი ქართულ ლარში;

• რუსეთიდან - 4.00 (ოთხი) აშშ დოლარის ექვივალენტი ქართულ ლარში, ამასთან, მიუხედავად ტვირთის წონისა, რუსეთიდან ტრანსპორტირების მინიმალური ღირებულება შეადგენს 20.00 (ოცი) ლარს;

• ჩინეთიდან - 7.00 (შვიდი) აშშ დოლარის ექვივალენტი ქართულ ლარში.

2.2. 10 კილოგრამიდან 15 კილოგრამამდე წონის მქონე ტვირთის ტრანსპორტირების შემთხვევაში ტრანსპორტირების ღირებულება შემცირდება ამერიკის შეერთებული შტატებიდან და რუსეთიდან და განისაზღვრება შემდეგნაირად:

• ამერიკის შეერთებული შტატები - 6.75 (ექვსი მთელი სამოცდათხუთმეტი) აშშ დოლარის ექვივალენტი ქართულ ლარში;

• რუსეთი - 3.75 (სამი მთელი სამოცდათხუთმეტი) აშშ დოლარის ექვივალენტი ქართულ ლარში, ამასთან, მიუხედავად ტვირთის წონისა, რუსეთიდან ტრანსპორტირების მინიმალური ღირებულება შეადგენს 20.00 (ოცი) ლარს.

2.3. 15 კილოგრამიდან 20 კილოგრამამდე წონის მქონე ტვირთის ტრანსპორტირების შემთხვევაში ტრანსპორტირების ღირებულება შემცირდება ამერიკის შეერთებული შტატებიდან და რუსეთიდან და განისაზღვრება შემდეგნაირად:

• ამერიკის შეერთებული შტატები - 6.50 (ექვსი მთელი ორმოცდაათი) აშშ დოლარის ექვივალენტი ქართულ ლარში;

• რუსეთი - 3.50 (სამი მთელი ორმოცდაათი) აშშ დოლარის ექვივალენტი ქართულ ლარში, ამასთან, მიუხედავად ტვირთის წონისა, რუსეთიდან ტრანსპორტირების მინიმალური ღირებულება შეადგენს 20.00 (ოცი) ლარს.

2.4. 20 კილოგრამი და მეტი წონის მქონე ტვირთის ტრანსპორტირების შემთხვევაში ტრანსპორტირების ღირებულება შემცირდება ამერიკის შეერთებული შტატებიდან და განისაზღვრება 6.25 (ექვსი მთელი ოცდახუთი) აშშ დოლარის ექვივალენტი ქართული ლარის ოდენობით.

2.5. ყველანაირი ტვირთის ტრანსპორტირების შემთხვევაში გადამზიდავი უფლებამოსილია მომხმარებელს ინდივიდუალურად განუსაზღვროს ტრანსპორტირების ღირებულება, ამასთან, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრული ღირებულება არ უნდა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ტრანსპორტირების ღირებულება.

2.6. თუ ტვირთის რომელიმე გაბარიტული მაჩვენებელი აჭარბებს 100.00 (ასი) სანტიმეტრს, მომხმარებელი ვალდებულია ასეთი ტვირთის გადამზიდავის საწყობში მიტანამდე წერილობით შეუთანხმდეს გადამზიდავს ასეთი ტვირთის ტრანსპორტირების შესახებ და მიიტანოს ან შეუკვეთოს ასეთი ტვირთის გადამზიდავის საწყობში მიტანა მხოლოდ გადამზიდავის წინასწარი წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ. ამასთან, ასეთი ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულება ყოველ კონკტრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება გადამზიდავის მიერ ინდივიდუალურად.

2.7. გადახდა მოხდება ქართულ ლარში, ლარის კურსი იანგარიშება ტვირთის მომხმარებლის გვერდზე ასახვის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული კურსის მიხედვით.

2.8. წონის საფასური მრგვალდება 100 გრამამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ 100 გრამზე ნაკლები წონის მქონე ტვირთის საფასური იანგარიშება როგორც 100 გრამის საფასური, ხოლო სხვა შემთხვევაში ტვირთის წონა და შესაბამისი საფასური დამრგვალდება 100 გრამამდე სიზუსტით დამრგვალების მათემატიკური წესის შესაბამისად.

2.9. ტრანსპორტირების ღირებულება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გამოითვლება გადამზიდავის მიერ და აისახება გადამზიდავის ვებ-გვერდზე მომხმარებლის კუთვნილ განყოფილებაში „კაბინეტი“.

2.10. ტრანსპორტირების ღირებულების გადახდა უნდა მოხდეს ტვირთის საქართველოში ჩამოტანიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში გადამზიდავი უფლებამოსილია მომხმარებელს დააკისროს საფასური ტვირთის შენახვისათვის 1.00 (ერთი) აშშ დოლარი დღეში ყოველ კილოგრამზე.

2.11. გადამზიდავი უფლებამოსილია არ გადასცეს მომხმარებელს მისი კუთვნილი ტვირთი მანამ, სანამ მომხმარებლის მიერ არ განხორციელდება ამ ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულების გადახდა.

2.12. გადამზიდავი უფლებამოსილია შეაჩეროს მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა, მათ შორის სხვა ტვირთის ტრანსპორტირება, თუ მომხმარებელი გადააცილებს ამ ხელშეკრულებით მისთვის დაკისრებული თანხის გადახდის ვადას.

2.13. იმ შემთხვევაში, თუ ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულება აჭარბებს 60.00 (სამოცი) აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს, გადამზიდავი უფლებამოსილია მომხმარებელს მოსთხოვოს ავანსის სახით ამ ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულების 50%-ის გადახდა ტვირთის საქართველოში გამოგზავნამდე.

3. განბაჟება

3.1. მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე საკუთარ განყოფილებაში „კაბინეტი“ ტვირთის შესახებ ინფორმაციაში მითითებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გადამზიდავი შეადგენს საბაჟო დეკლარაციას.

3.2. განბაჟებას დაქვემდებარებული ყოველი ნივთის ჩამოტანისას მომხმარებელი ვალდებულია გადამზიდავს გადაუხადოს განბაჟების მომსახურების ღირებულება 8.00 (რვა) ლარი თითოეულ განბაჟებას დაქვემდებარებულ ნივთზე.

3.3. ტვირთის განბაჟებაზე მთლიანად პასუხისმგებელია მომხმარებელი, ხოლო გადამზიდავი უფლებამოსილია მომხმარებელს გაუწიოს დახმარება სავალდებულო საბაჟო პროცედურების განხორციელებაში ამ მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

4. საწყობში ამანათის მიღება გადამზიდავის მიერ

4.1. ტვირთი გადამზიდავის მიერ მიღებულად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ იგი მიტანილი იქნება გადამზიდავის შესაბამის საწყობში და პირადად ჩაბარდება გადამზიდავის წარმომადგენელს/თანამშრომელს. გადამზიდავის წარმომადგენლის/თანამშრომლის მიერ ტვირთის მიღება დადასტურდება ტვირთის მიღებაზე გაკეთებული მისი ხელმოწერით.

4.2. გადამზიდავი არ არის პასუხისმგებელი ისეთი ტვირთის

დაკარგვაზე/ტრანსპორტირების ვადის დაგვიანებაზე, რომლის მონაცემებიც ტვირთის მიტანისას არასწორად ან არასრულად იქნება მიწოდებული გადამზიდავისათვის. ასეთ მონაცემებად მიიჩნევა შემდეგი:

4.2.1. ტვირთის მიმღების სახელი, გვარი და ის მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, რომლებიც მითითებულია ვებ-გვერდზე მომხმარებლის პირად განყოფილებაში „კაბინეტი“;

4.2.2. გადამზიდავის მიერ მიმღებისათვის მინიჭებული მისამართი (მათ შორის მიმღების პერსონალური კოდი აუცილებლად);

4.2.3. თრექინგ კოდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

4.3. ტვირთის მიღებისას, იმ შემთხვევაში, თუ ტვირთს მინიჭებული აქვს თრექინგ კოდი, მომხმარებლის პირად განყოფილებაში „კაბინეტი“ აისახება ტვირთი აღნიშნული თრექინგ კოდით, ხოლო თუ ტვირთს ასეთი თრექინგ კოდი არ აქვს, მაშინ კოდის დაგენერირება და მისი ასახვა მოხდება გადამზიდავის მიერ.

4.4. გამომდინარე იქიდან, რომ გადამზიდავი ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულებას ითვლის ტვირთის რეალური წონით და არა მისი მოცულობით, გადამზიდავი უფლებამოსილია გადაფუთოს ნებისმიერი ტვირთი მისი ზომაში შემცირების მიზნით. გადაფუთა გულისხმობს ტვირთის შეფუთვის შემცირებას ან მის შეცვლას სხვა შეფუთვით.

4.5. იმ შემთხვევაში თუ გადამზიდავის საწყობში მომხმარებლის სახელზე მიტანილი იქნება დაზიანებული ტვირთი ან ტვირთი დაზიანებული შეფუთვით ან აღწერასთან შეუსაბამო ტვირთი, გადამზიდავი უფლებამოსილია გადაიღოს ასეთი დეფექტის ფოტოსურათი ტვირთის მიტანის ან მისი გადაფუთვისთანავე (როდესაც გამოვლინდება ასეთი დეფექტი) და აცნობოს მომხმარებელს ასეთი დაზიანების არსებობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში ტვირთის დაზიანებაზე ან დანაკლისზე გადამზიდავი არ აგებს პასუხს.

5. ტვირთის შესახებ ინფორმაციის შევსება

5.1. მომხმარებელი ვალდებულია ვებ-გვერდზე მის კუთვნილ განყოფილებაში „კაბინეტი“ ტვირთის ასახვიდან 2 დღის განმავლობაში შეავსოს ინფორმაცია ამ ტვირთის შესახებ. მომხმარებელი ასევე უფლებამოსილია წინასწარ, გადამზიდავის საწყობში ტვირთის მიღებამდე შეავსოს ინფორმაცია. თავის მიერ შევსებულ ინფორმაციაში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე მთლიანად პასუხისმგებელია მომხმარებელი.

5.2. ინფორმაციაში მომხმარებელმა აუცილებლად უნდა მიუთითოს შემდეგი:

5.2.1. თრექინგ კოდი (არსებობის შემთხვევაში);

5.2.2. მაღაზიის დასახელება (იმ შემთხვევაში თუ ტვირთი ნაყიდია ინტერნეტმაღაზიაში);

5.2.3. ტვირთის კატეგორია (აირჩიოს ჩამოთვლილი კატეგორიებიდან ერთ-ერთი);

5.2.4. ტვირთის ღირებულება შესაბამის ვალუტასთან ერთად;

5.2.5. დამატებით ყველა ის ინფორმაცია, რასაც მომხმარებელი ჩათვლის საჭიროდ ან რაც გონივრული შეფასების შედეგად შესაძლოა მიჩნეულ იქნას საჭირო ინფორმაციად გადამზიდავის მიერ მომსახურების გაწევის მიზნებისათვის (კომენტარის სახით);

5.2.6. ინფორმაცია საფრთხის სახეობის შესახებ - თუ ტვირთი საფრთხის შემცველია (კომენტარის სახით);

5.3. გადამზიდავს უფლება აქვს საკუთარი შეხედულებისამებრ მოსთხოვოს მომხმარებელს ტვირთის შესახებ დამატებით ინფორმაციის ან დოკუმენტაციის წარდგენა. მომხმარებლის მიერ გადამზიდავის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში გადამზიდავს უფლება აქვს შეუჩეროს ან შეუწყვიტოს მომხმარებელს მომსახურების გაწევა და ასეთ შემთხვევაში გადამზიდავი თავისუფლდება წინამდებარე ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებისაგან.

6. აკრძალული ნივთები

6.1. მომხმარებელს არ აქვს უფლება დამკვეთს შეუკვეთოს ისეთი ნივთის ტრანსპორტირება, რომლის შენახვა, ტრანსპორტირება ან საზღვარზე გადატანა აკრძალულია საქართველოს ან საწყობის მდებარეობის ქვეყნის კანონმდებლობით. თუ ასეთი ნივთის შენახვა, ტრანსპორტირება ან საზღვარზე გადატანა ექვემდებარება დამატებით რეგულაციებს, მაშინ მომხმარებელი უფლებამოსილია დამკვეთს შეუკვეთოს ასეთი ნივთის ტრანსპორტირება მხოლოდ აღნიშნული რეგულაციების შესრულების შემდეგ.

6.2. გადამზიდავის ინფორმაციით აკრძალული ნივთებია სულ მცირე შემდეგი:

6.2.1. კვების პროდუქტები;

6.2.2. ადვილად აალებადი საქონელი (მათ შორის და არამხოლოდ საღებავები და ალკოჰოლის შემცველი ნივთიერებები);

6.2.3. ცეცხლსასროლი და პნევმატური (airsoft) იარაღები, მათი აქსესუარები და ნაწილები, არბალეტი, ისრები, მშვილდი; (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების არ ქონის შემთხვევაში);

6.2.4. პორნოგრაფიული სახის პროდუქცია;

6.2.5. ფეთქებადი ნივთიერებები ან პროდუქცია;

6.2.6. მცენარეები ან ცხოველები, ასევე ცხოველების ფიტულები, ძვლები, ბეწვი, სხეულის ნაწილები (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების არქონის შემთხვევაში);

6.2.7. თუთუნი, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია;

6.2.8. ნებისმიერი ქვეყნის მონეტები ან ბანკნოტები;

6.2.9. ფეინთბოლის თოფები და მათი აქსესუარები, ნაწილები (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების არქონის შემთხვევაში);

6.2.10. ნებისმიერი ტოქსიკური ნივთიერება; "სპრეი", მაღალი წნევის შემცველი ნივთები;

6.2.11. ე.წ. „აზბესტი“–ს შემცველობის პროდუქცია;

6.2.12. მსხვრევადი ან მყიფე ნივთები;

6.2.13. ყველა სხვა ნივთი, რომლის შენახვა, ტრანსპორტირება ან საზღვარზე გადატანა აკრძალულია საქართველოს ან საწყობის მდებარეობის ქვეყნის კანონმდებლობით, ან საფრთხეს უქმნის ნებისმიერი პირის სიცოცხლეს, ჯამნრთელობას ან ქონებას;

6.2.14. დამატებით, ჩინეთიდან იკრძალება სითხის, ფხვნილის, მაგნიტების, კოსმეტიკური საშუალებების და ბრენდული ნივთების ტრანსპორტირება (შესაბამისი ნებართვისა და საქართველოს კანონმდებლობით, ასევე საწყობის მდებარეობის ქვეყნის კანონმდებლობით მოთხოვნილი საბუთების უქონლობის შემთხვევაში). გთხოვთ აღნიშნული გაითვალისწინოთ ონლაინ შოპინგის დროს, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია პასუხს არ აგებს მსგავსი ტიპის ამანათების ტრანსპორტირებაზე.

6.3. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი, მიუხედავად წინამდებარე მუხლის ან კანონმდებლობის აკრძალვისა, მაინც მიიტანს ან მესამე პირს შეუკვეთავს გადამზიდავის საწყობში აკრძალული ნივთის მიტანას, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა მას გადამზიდავი, გადამზიდავი არ არის პასუხისმგებელი ასეთი ნივთის შენახვაზე ან ტრანსპორტირებაზე ან მისი დაკარგვით გამოწვეულ ზიანზე.

6.4. მომხმარებლის მიერ წინამდებარე მუხლის დარღვევით გამოწვეულ ზიანზე, მათ შორის გადამზიდავის ან მესამე პირებისათვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელია მომხმარებელი.

7. ამანათის მიღება პირადად

7.1. ტვირთის საქართველოში ჩამოტანის შემდეგ მომხმარებელს ტვირთი გადაეცემა პირადად, გადამზიდავის ოფისში, რომლის მისამართი მითითებულია გადამზიდავის ვებგვერდზე, ან გადამზიდავის კურიერის მიერ.

7.2. ტვირთების გაცემა მომხმარებელზე გადამზიდავის მიერ მოხდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული არასამუშაო დღეებისა), 11:00 საათიდან 19:00 საათამდე.

7.3. მომხმარებელი ვალდებულია ტვირთის მიღებამდე გადამზიდავს წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი.

7.4. მომხმარებელი ვალდებულია მიღებისთანავე შეამოწმოს გადამზიდავის მიერ მომხმარებლისათვის ტვირთის სრულად და დაუზიანებლად მიწოდების ფაქტი და გადამზიდავის ოფისის დატოვებამდე გამოთქვას შესაბამისი პრეტენზია, წინააღმდეგ შემთხვევაში გადამზიდავი იხსნის პასუხისმგებლობას.

7.5. გადამზიდავის ოფისში ტვირთის ჩამოსვლიდან 60 დღეში მომხმარებლის მიერ აღნიშნული ტვირთის მიუღებლობის შემთხვევაში გადამზიდავი იხსნის პასუხისმგებლობას ტვირთზე, ამასთან, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი მაინც ვალდებულია გადაუხადოს გადამზიდავს ამ ხელშეკრულებით მისთვის გადასახდელი თანხები.

7.6. მომხმარებლის მიერ ტვირთის მიღება დადასტურდება შესაბამის აქტზე მისი ხელმოწერის გზით. მომხმარებელი აღნიშნულ აქტზე ხელმოწერით ასევე დაადასტურებს, რომ არ გააჩნია რაიმე პრეტენზია გადამზიდავის მიმართ.

8. ტვირთის მიღება მესამე პირის მიერ

8.1. მომხმარებელი უფლებამოსილია ტვირთის მიღების უფლება გადასცეს მესამე პირს. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია უფლებამოსილი პირისათვის ტვირთის მიღების უფლებამოსილების გადაცემის შესახებ გადამზიდავისათვის გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით გადამზიდავს მიაწოდოს შემდეგი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:

8.1.1. საკუთარი პირადობის დამადასრუბელი საბუთის ელექტრონული ასლი;

8.1.2. ტვირთის მიღებაზე უფლებამოსილი მესამე პირის პერსონალური მონაცემები, სახელი, გვარი და პირადი ნომერი;

8.1.3. ტვირთის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები.

ამასთან, აღნიშნული შეტყობინება მომხმარებლის მიერ გადამზიდავისათვის უნდა გაიგზანვოს მომხმარებლის იმ ელ-ფოსტიდან, რომლითაც მომხმარებელი დარეგისტრირებულია ვებ-გვერდზე.

9. საკურიერო მომსახურება და მომხმარებლისათვის ტვირთის დისტანციურად მიწოდება

9.1. მომხმარებელი ასევე უფლებამოსილია გამოიყენოს გადამზიდავის საკურიერო მომსახურება. საკურიერო მომსახურება გულისხმობს გადამზიდავის მიერ მომხმარებლისათვის ტვირთის მიწოდებას მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე და მის ჩაბარებას მისამართზე მყოფი პირისათვის.

9.2. საკურიერო მომსახურების ღირებულება ჯამში 5 (ხუთი) კილოგრამამდე წონის მქონე ტვირთებისათვის გორში არსებული გადამზიდავის ოფისიდან ქალაქ გორის ტერიტორიაზე განისაზღვრება 3.00 (სამი) ლარის ოდენობით, ხოლო ქალაქ თბილისში არსებული გადამზიდავის ოფისიდან ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე - უფასოა.

9.3. წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის ტვირთის წონაში მოიაზრება როგორც რეალური, ისე მოცულობითი წონა და იგულისხმება ის წონა, რომელიც უფრო მეტია. მოცულობითი წონა გამოითვლება შემდეგნაირად:

სანტიმეტრებში აღებული მაჩვენებლები, ტვირთის სიგრძე გამრავლებული ტვირთის სიმაღლეზე და გამრავლებული ტვირთის სიგანეზე, ხოლო მიღებული რიცხვი გაყოფილი რიცხვ 6,000-ზე.

9.4. 5 (ხუთი) კილოგრამზე ზევით ნივთების მიწოდების ფასი გადამზიდავის მიერ განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად და წინასწარ, ტვირთის მიწოდებამდე ეცნობება მომხმარებელს, ხოლო მომხმარებელი უფლებამოსილი იქნება ისარგებლოს ან არ ისარგებლოს აღნიშნული საკურიერო სერვისით.

9.5. სხვა ქალაქებში ტვირთის მიწოდების შემთხვევაში გადამზიდავი უზრუნველყოფს მხოლოდ მესამე პირი საკურიერო ან საფოსტო მომსახურების გამწევი კომპანიის მეშვეობით.

9.6. თუ ტვირთის ჩაბარება ვერ მოხერხდა მომხმარებლის (ან მისამართზე მცხოვრები სხვა პირის) მისამართზე არყოფნის გამო, მომხმარებელი უფლებამოსილია ტვირთი გაიტანოს მხოლოდ გადამზიდავის ოფისიდან. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს მაინც ეკისრება საკურიერო მომსახურების ღირებულების გადახდის ვალდებულება.

9.7. გადამზიდავი ასევე უფლებამოსილია, მომხმარებლის მოთხოვნის და თანხმობის შემთხვევაში მესამე პირის მიერ გაწეული საკურიერო (საფოსტო) მომსახურების გამოყენებით გაუგზავნოს მომხმარებელს ტვირთი მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე. ასეთ შემთხვევაში გადამზიდავი იხსნის ტვირთზე პასუხისმგებლობას მისი საკურიერო მომსახურების გამწევი პირისათვის გადაცემის მომენტიდან. ასეთი საკურიერო მომსახურების ხარჯები სრულად ეკისრება მომხმარებელს.

10. მხარეთა პასუხისმგებლობა

10.1. გადამზიდავი პასუხისმგებელია ტვირთის შენახვასა და ტრანსპორტირებაზე მისი საწყობში მიღების მომენტიდან მომხმარებლისათვის ან მესამე პირი კურიერისათვის გადაცემამდე, თუ წინამდებარე ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. გადამზიდავის მიერ ამ ხელშეკრულების წესების დაცვით მიღებული ტვირთის დაკარგვის შემთხვევაში გადამზიდავს ეძლევა 1 (ერთი) თვე ასეთი ტვირთის მოსაძებნად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ტვირთი წარმოადგენს მალფუჭებად ნივთს, ასეთ შემთხვევაში გადამზიდავს ეძლევა ნივთის სავარაუდო ვარგისიანობის ვადა), თუ აღნიშნულ ვადაში გადამზიდავი ვერ მოიძიებს ტვირთს, მაშინ იგი ვალდებულია აანაზღაუროს ასეთი ტვირთის საინვოისო ღირებულება.

10.2. გამომდინარე იქიდან, რომ გადამზიდავი მოკლებულია შესაძლებლობას დამოუკიდებლად მიიღოს ტვირთის, მისი მიმღების ან მისი გამომგზავნის შესახებ ინფორმაცია, მომხმარებელი პასუხისმგებელია გადამზიდავისათვის მიწოდებული ყველა ინფორმაციის სისწორეზე. მომხმარებლის მიერ გადამზიდავისათვის აღნიშნული ინფორმაციის არასწორად ან არასრულად მიწოდებით ან მიუწოდებლობით გამოწვეულ ზიანზე, მათ შორის გადამზიდავის ან მესამე პირებისათვის მიყენებულ ზიანზე, ასევე სახელმწიფო ორგანოების მიერ ნებისმიერი პირისათვის დაკისრებულ პასუხისმგებლობაზე სრულად პასუხისმგებელია მომხმარებელი.

10.3. სხვა შემთხვევაში წინამდებარე ხელშეკრულების ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის მხარეთა პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

11. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება

11.1. გადამზიდავის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის ფაქტით მომხმარებელი ადასტურებს, რომ ინფორმირებულია შემდეგზე:

11.1.1. მომხმარებლის პერსონალური მონაცემები მუშავდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით გადამზიდავის მიერ შემდეგ მისამართზე: გორი, სტალინის ქ. 12, აგრეთვე გადამზიდავის მიერ ადმინისტრირებულ ელექტრონულ სისტემაში, ხოლო გადამზიდავთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე - ასევე მესამე პირის მიერ, მომხმარებლის მიერ გადამზიდავისათვის მიცემული თანხმობის და წინამდებარე მუხლით განსაზღვრული მიზნების ფარგლებში.

11.1.2. გადამზიდავის ან გადამზიდავის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ მომხმარებლის პერსონალური მონაცემები დამუშავება შესაძლოა მოხდეს შემდეგი მიზნებისათვის:

• მომხმარებლის მიერ რეგისტრაცის გავლისას მისთვის ანგარიშის შესაქმნელად და შესაბამისი რეკვიზიტების მისანიჭებლად;

• საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის იდენტიფიცირებისათვის;

• მომხმარებლის მიერ თავის ანგარიშზე თანხის შეტანისას ორგანიზატორის მიერ მის მისაღებად;

• გადამზიდავის მიერ მომხმარებლისათვის მომსახურების გასაწევად;

• ბაზრის კვლევისათვის, მომხმარებელთა გამოკითხვისა და შედეგების ანალიზისათვის;

• მომხმარებლისათვის ინფორმაციის მისაწოდებლად არსებული ან მომავალი მომსახურების ან შეთავაზებების შესახებ;

• მომხმარებლისათვის საინტერესო მომსახურების შესარჩევად და შესათავაზებლად;

• მომხმარებლისათვის შეტყობინების გასაგზავნად;

• მომსახურების გასაუმჯობესებლად;

• გადამზიდავის ვებ-გვერდის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად და მომხმარებელზე მის მოსარგებად;

• მომხმარებლის მხრიდან წინამდებარე ხელშეკრულების დარღვევის გამოსავლენად და გადამზიდავის მხრიდან შესაბამისი რეაგირებისათვის;

• პირდაპირი მარკეტინგის განსახორციელებლად, გადამზიდავის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ მომხმარებლისათვის სარეკლამო შეტყობინების ან სხვაგვარი შეთავაზების გასაგავნად.

11.1.3. მომხმარებელი ვალდებულია გადამზიდავს გადასცეს რეგისტრაციისას ან შემდგომში გადამზიდავის მიერ მოთხოვნილი პერსონალური მონაცემები, რომელთა გადაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში გადამზიდავი უფლებამოსილია უარი განაცხადოს მომხმარებლის რეგისტრაციაზე, ხოლო უკვე რეგისტრირებული მომხმარებლის შემთხვევაში - შეაჩეროს მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა მოთხოვნილი პერსონალური მონაცემების წარმოდგენამდე.

11.1.4. მომხმარებელი უფლებამოსილია გადამზიდავს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს ინფორმაცია მის მიერ მომხმარებლის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების თაობაზე, ასევე მომხმარებლის შესახებ გადამზიდავთან არსებული პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მონაცემები არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ აღმოჩნდება, რომ აღნიშნული მონაცემების დამუშავება მოხდა კანონის საწინააღმდეგოდ.

11.2. გადამზიდავის ვებ-გვერდზე რეგისტრაციით ან გადამზიდავისაგან მომსახურების მიღების ფაქტით მომხმარებელი გადამზიდავს აძლევს თანხმობას შემდეგზე:

11.2.1. გადამზიდავმა ზემოთ ჩამოთვლილი მიზნებისათვის დაამუშაოს მომხმარებლის ის პერსონალური მონაცემები, რომლებსაც მომხმარებელი გადასცემს მას ნებაყოფლობით, რეგისტრაციისას ან შემდგომში, მომხმარებელსა და გადამზიდავს შორის არსებული ან წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე.

11.2.2. გადამზიდავმა დაამუშაოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები ზემოთ ჩამოთვლილი მიზნებისათვის უვადოდ, ასევე შეუზღუდავად გადასცეს მესამე პირებს ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების განსახორციელებლად გადამზიდავსა და მესამე პირს შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ მოთხოვნისას.

11.2.3. გადამზიდავის მიერ მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევისას, მათ შორის მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის გამოყენების შემთხვევაში გადამზიდავი დაამუშავებს მომხმარებლის შემდეგ მონაცემებს:

• სახელი, გვარი, მამის სახელი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, რეგისტრირებული მისამართი, ფაქტობრივი მისამართი;

• პირადობის დამადასტურებელი საბუთის მონაცემები;

• მომხმარებლის მიერ გადამზიდავის ვებ-გვერდზე ატვირთული ან გადამზიდავისათვის მიწოდებული ფაილები;

• მომხმარებელსა და გადამზიდავს შორის კომუნიკაციის ჩანაწერები, როგორც წერილობითი, ისე აუდიოჩანაწერის ფორმით;

• მომხმარებლის სისტემური ჟურნალის მონაცემები, IP მისამართი, ინფორმაცია ბრაუზერის შესახებ, ინფორმაცის ინტერნეტის მიმწოდებლის შესახებ, ინფორმაცია ოპერაციული სისტემის და კომპიუტერული მოწყობილობის შესახებ, კლიკების რაოდენობა და ვებ-გვერდთან მიმართებაში მომხმარებლის ურთიერთქმედება, ვებ-გვერდზე მომხმარებლის ნავიგაციის ისტორია, ვებგვერდზე შესვლის დრო და მომხმარებლის ადგილმდებარეობა, cookie ჩანაწერები და web beacon ფაილები;

• ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც მომხმარებელი ნებაყოფლობით დატოვებს ვებ-გვერდზე ან სხვა გზით მიაწვდის ორგანიზატორს.

12. დამატებითი პირობები

12.1. წინამდებარე ხელშეკრულების მხარეები გათავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან თავისი ვალდებულებების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო, თუ ეს გამოწვეულია ფორს-მაჟორული ანუ გაუთვალისწინებელი ან გარდაუვალი გარემოებისაგან, ისეთის, როგორიც არის ტექნოლოგიური კატასტროფა, ავიარეისების დაგვიანება, ავიაკატასტროფა, ხანძარი, სამხედრო ოპერაციები, საზოგადოებრივი არეულობა და ისეთი გარემოებები, რომლებიც წარმოიშვა ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ და რომელთა თავიდან აცილებაც მხარეებს ობიექტური შეფასებით არ შეეძლოთ.

12.2. ამ ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს ენიჭებათ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა, თუ მათ ამ ხელშეკრულებით ან კონტექსტით სხვა მნიშვნელობა არ აქვს მინიჭებული.

12.3. ტერმინი „მომხმარებელი“ ასევე მოიაზრებს მომხმარებლის მიერ უფლებამოსილ პირსაც, თუ კონტექსტით სხვა რამ პირდაპირ არ არის მითითებული.

12.4. წინამდებარე ხელშეკრულება წარმოადგენს მომხმარებელსა და გადამზიდავს შორის გაფორმებულ ძირითან ხელშეკრულებას ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით და იგი შესასრულებლად სავალდებულოა მხარეებისათვის. წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ასევე გადამზიდავის მიერ საკუთარ ვებ-გვერდზე(https://qaravani.ge/ ) გამოქვეყნებული ინსტრუქციები და სხვა სახის დირექტივები (არსებობის შემთხვევაში).

12.5. წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე დებულების ნებისმიერი გზით გაუქმების შემთხვევაში ხელშეკრულების დანარჩენი დებულებები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას და მოქმედებენ დამოუკიდებლად, ხოლო გაუქმებული დებულება უნდა ჩანაცვლდეს ისეთი დებულებით, რომლითაც ყველაზე ეფექტურად მიიღწევა ის მიზანი, რომლის მისაღწევადაც არსებობდა გაუქმებული დებულება.

12.6. წინამდებარე ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანაზე უფლებამოსილია გადამზიდავი. ცვლილების შეტანის შემთხვევაში გადამზიდავი ვალდებულია მომხმარებელს აცნობოს აღნიშნული ცვლილების შეტანის შესახებ ცვლილების შეტანამდე სულ მცირე 2 (ორი) სამუშაო დღით ადრე და ცვლილების შეტანისთანავე გამოაქვეყნოს შეცვლილი ხელშეკრულება ვებ-გგვერდზე. შეტანილი ცვლილება გავრცელდება ცვლილების შეტანის შემდეგ გადამზიდავის საწყობში მიტანილ ტვირთებზე. მომხმარებელი უფლებამოსილია შეწყვიტოს გადამზიდავთან დადებული ხელშეკრულება იმ შემთხვევაში, თუ არ დაეთანხმება შეტანილ ცვლილებას.

12.7. მომხმარებელსა და გადამზიდავს შორის კომუნიკაცია წერილობითი ფორმით ხორციელდება მხარეთა ელექტრონული ფოსტის მისამართებზე, გადამზიდავის ელ-ფოსტა მითითებულია მის ვებ-გვერდზე, ხოლო მომხმარებლის ელ-ფოსტას მომხმარებელი უთითებს რეგისტრაციის გავლისას.

12.8. გადამზიდავი წინამდებარე ხელშეკრულებაზე თანხმობას გამოხატავს მისი ვებგვერდზე გამოქვეყნებით, ხოლო მომხმარებელი თანხმობას გამოხატავს გადამზიდავის ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლის გზით.

12.9. მომხმარებელი აცხადებს, რომ იგი რეგისტრაციისას უთითებს საკუთარ პერსონალურ მონაცემებს და ინფორმაცია, იგი წარმოადგენს სრულწლოვან და ქმედუნარიან პირს და უფლებამოსილია იკისროს და შეასრულოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები.